"შმაქსი" ტაქსის ნაცვლად - "გირჩმა" კომპანია დააფუძნა
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, "შმაქსაობაში" ჩართვას სთავაზობს.
პარტიის წევრები დღეს წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას შეიკრიბნენ და ახლად დაფუძნებული კომპანიის „შმაქსი“ პრეზენტაცია გამართეს, რის შემდეგაც საავტომობილო კოლონით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება. კომპანია „შმაქსი“-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს დ თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან.

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, სიმბოლურ ადგილას, წიწამურში, სადაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად, მოკლეს საღი აზრი. მას შემდეგ, საქართველოში, საღი აზრის პრობლემა მწვავედ დგას. "გირჩის" შექმნის ერთ-ერთი მიზანი კი, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში საღი აზრის, თავისუფლების იდეების გავრცელება იყო, რომელიც თავისი არსით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა საზოგადოებაა.

ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, ამ მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა ინსტრუმენტს ვიყენებთ.

აქამდე, ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი ფეისბუქი, სოციალური მედია და ინტერნეტი იყო - სულ ცოტა ხნის წინ, ავაწყვეთ და ეთერში გავუშვით გირჩის ტელევიზია."

დღეს გვინდა დავაანონსოთ ახალი და საკმაოდ ინოვაციური, თავისი არსით საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანიც, ქართულ საზოგადოებაში საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გავრცელებაა,"-განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტიაში აცხადებენ რომ შმაქსაობის ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ჰყავს ავტომობილი, შეუძლია მივიდეს გირჩის სათაო ოფისში, და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პროექტში ჩაერთონ.






| Print |
FaceBook Twitter Google