გურჯაანის ღვინის ფესტივალს პრეზიდენტიც სტუმრობდა
დღეს გურჯაანის ღვინის ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც სტუმრობდა. მან პავილიონები დაათვალიერა, ღვინო დააგემოვნა, ჩურჩხელაც ამოავლო და იქ შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრი გლეხი თვითონ გადაიქცა მევენახედ. ეს არის კარგი ტენდენცია, რომ თვითონ დაისაკუთროს ღვინო, რომელიც თავისი შრომით მოდის. მე ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრი ქალი ჩაუდგა სათავეში ამ საქმეს და ძალიან წარმატებულად.“

ღვინის ფესტივალი წელს მესამედ გაიმართა. წლევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ორასამდე ღვინის კომპანია და მეწარმე.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, ჭაჭისა და ღვინის დეგუსტაციაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში. ახტალის პარკში აქტივობები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, როგორიცაა ეთნო სივრცე, თათარაობის და მეღვინეობის სივრცე, ბავშვთა გასართობი ზონა, სპორტული ზონა, ახალგაზრდული სივრცე და სხვა.

ღონისძიება ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო გათვლილი. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, მათთვის ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები.
დღესვე მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა ესპანეთთან და სლოვაკეთთან.

| Print |
FaceBook Twitter Google