გურჯაანში ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.

მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. სწორედ ამიტომ მუნციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ცხოველთა თავშესაფრების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს.

ფონდის ინფორმაციით, ცხოველთა ყველა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება. პროექტი ექვს მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ძაღლების თავშესაფრის ასაშენებლად გურჯაანში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. აღნიშნული მშენებლობის თანადაფინანსებისთვის თანხას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი გაიღებს



| Print |
FaceBook Twitter Google