ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა
კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა.
ცვლილებების დეტალებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი და მოვითხოვეთ, რომ ეს თანხა გაზრდილიყო. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და ახლა პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენს 50 ლარს.

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის განმაპირობებელი ფაქტორი სატრასპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ჯარიმის გადახდის წესის ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდაღვევის ოქმი სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

-"აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა სამართალდარღვევის ოქმი ადრესატს, ახლა თუ ფოსტით ვერ მოხდება ოქმის მიწოდება და ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებ-გვერდზე, რომლის მისამართია Tb.ge. ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებ-გვერდზე, ის მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის ინფიორმაციით, რეგიონებიდან თბილისში ჩასული მოქალაქეებისთვის ავტომობილის გაჩერება 15 წუთით იქნება უფასო. 1 საათით ავტობომილის გაჩერების ღირებულება კი ერთი ლარია.




| Print |
FaceBook Twitter Google