კახა საბანაძე გურჯაანში მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო [Photo]
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები რეგიონებში მოსახლეობას „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოემსახურება.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, დღეს ქალაქ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი „ერთი სარკმლის პრინციპით“, დროის ნაკლები დანახარჯით, პერიოდულად, ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება.

-" შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობს, რომ მოსახლეობას ახალი სერვისები შესთავაზოს. დღეს გაიხსნა ერთიანი მომსახურების ცენტრის მობილური ექსპრესფილიალები. ეს პირველ რიგში ემსახურება ხალხისთვის კომფორტის შექმნას. მოქალაქეებს აქ 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ. ფაქტობრივად ერთი ფანჯრის პრინციპით დროის მოკლე მონაკვეთში ყველა ის სერვისი და ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია საპატრულო პოლიციის საქმიანობასთან მოქცეულია ამ პატარა სერვისცენტრში,"-განაცხადა კახა საბანაძემ.

ექსპრესფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ და იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურებიან, სადაც მოქალაქეებს  საპოლიციო სერვისის მისაღებად, ამ დრომდე, სხვა ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ.





| Print |
FaceBook Twitter Google