ქართველი მოსწავლეები წიგნიერების დონით 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან
PISA–ს საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართველ მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანა, აქვთ სუსტი მათემატიკური უნარები და ვერ სწავლობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან.

კვლევა 2018 წელს ჩატარდა და მონაწილეობა 79 ქვეყნის 6 000–მა მერვე კლასელმა მოსწავლემ მიიღო. ისინი წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყვლო საგნებში შემოწმდნენ. 

მათემატიკაში ქართველმა მოსწავლეებმა 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მე–13 ადგილი, ხოლო ქიმია, ფიზიკა ბიოლოგიაში კი ბოლოდან მეხუთე ადგილი დაიკავეს.


გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებით, „ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კითხვაშია, რაც შეეხება მათემატიკას ათწლიან პერსპექტივაში არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. საბუნებისმეტყველო მეცნირებებში კი ოდნავ არის გაუმჯობესება“.

ცნობისთვის, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) კვლევებს სამ წელიწადში ერთხელ ატარებს.

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს.

PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.


| Print |
FaceBook Twitter Google