პარლამენტის გადაწყვეტილებით 112-ის მომსახურების საფასური ძვირდება
პარლამენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრის, 112-ის, მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე
იქნება.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით
დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, 112-ის მომსახურების საფასური არ შეიძლება იყოს
20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი. ასევე, 112-ის მომსახურების
საფასური ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ერთნაირი იქნება.
112-ის მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები,
რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
რაც შეეხება 112-ის მომსახურების საფასურის ზუსტ ოდენობას, ის
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი დადგენილებით, 112-ის
მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრია, ხოლო
იურიდიული პირებისთვის - 50 თეთრი.
მასალის გამოყენების პირობები