თელავის უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლისთავი აღნიშნეს
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წელი გავიდა. საიუბილეო ღონისძიება თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
რექტორმა ირმა შიოშვილმა ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლები და 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თელავის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე, რექტორმა, კახეთის რეგიონის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებლის მიღწევების, განხორცილებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

უნივერსიტეტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. მისი ინფორმაციით, განათლების სამინისტრო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციას დააფინანსებს.

ცნობისთვის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1939 წელს დაარსდა, როგორც სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1940 წლიდან იგი ატარებს იაკობ გოგებაშვილის სახელს. 1999 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

| Print |
FaceBook Twitter Google