27 დეკემბერი გიორგი ლეონიძის დაბადების დღეა
დღეს გიორგი ლეონიძის დაბადების დღეა. ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე 1900 წლის 27 დეკემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში დაიბადა.
პირველი ლექსი „მცხეთა“ დაბეჭდა 1911 წ. გაზეთ „სინათლეში“. 1916 წ. გამოსცა ლიტერატურული კრებული „საფირონი“ (ს. შანშიაშვილთან ერთად). 1918 წ. დაუკავშირდა „ცისფერყანწელთა“ ჯგუფს. 1923 წ. რედაქტორობდა ყოველკვირეულ გაზეთ „ბახტრიონს“. 1931 წ. იყო ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი ლიტერატურის მუზეუმის დაარსებისა, რომელსაც ორ ათეულ წელს ედგა სათავეში. მისი ინიციატივით დაარსდა ი. ჭავჭავაძის მუზეუმი საგურამოში. როგორც პასუხისმგებელმა მდივანმა, დიდი ამაგი დასდო ალმანახ „ლიტერატურული მემკვიდრეობის“ გამოცემას. ლექსების პირველი კრებული გამოაქვეყნა 1939 წ. ავტორია პოემებისა: „ბელადის ბავშვობა და ყრმობა“, „ფორთოხალა“, „ბერშოულა“, „სამგორი“.

1946 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1959 წ. მიენიჭა საქართველოს სახალხო პოეტის წოდება. 1959 წლიდან სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს. 1951-1954 წლებში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. სამგზის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. დაწერილი აქვს მოთხრობების წიგნი „ნატვრის ხე“ და წარსულის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი მრავალი გამოკვლევა.

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წ. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1969 წ., სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 

| Print |
FaceBook Twitter Google