აქცია დედოფლისწყაროში - "ფრონტერას" ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
დედოფლისწყაროში, ნავთობკომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას, 84  თანამშრომელი კომპანიისგან 11 თვის განმავლობაში დაგროვილი კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით ისინი აქციას მართავენ. მათი განცხადებით, სანამ დავალიანებები არ ჩაირიცხება, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვებისა და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ

„მთელი ეს პერიოდი, სანამ ხელფასს არ ვიღებთ, რამდენჯერმე გავაჩერეთ მუშაობა საწარმოში. 11 თვის ასაღები რომ გაქვს ხელფასი, 11 თვე რომ ფული არ მოუციათ, ასე როდემდე იმუშავებ? მშიერი ხომ არ ივლიდი? ათასი გაჭირვებაა, ბანკის ვალები ხომ ცალკე პრობლემა, დღეს უკვე გაზიც ჩამიჭრეს. ვის მოვთხოვოთ პასუხი არ ვიცით, ყველა თავიდან გვიშორებს"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი შეხვდა.

" აქ არიან შეკრებილნი ის ადამიანები, რომელთაც 11 თვის განმავლობაში კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ. მათი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, სამართლიანია. კომპანიის მხრიდან ეს არის როგორც შრომითი, ასევე ადამიანის უფლებების დარღვეა. ხელისუფლება მოსახლეობის გვერდითაა და იზიარებს მათ სამართლთიან მოთხოვნას,"- განაცხადა ჯანიაშვილმა.

კომპანია "ფრონტერას " 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. თანამშრომლებმა კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს ერთი თვის წინ მიმართეს.

| Print |
FaceBook Twitter Google