კახეთმა სუფთა რეგიონის ტიტული მეორედ მოიპოვა
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები დააჯილდოეს.
აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“.

ზემოთ ჩამოთვლილი 8 ნომინაციიდან კახეთის რეგიონმა და წარმომადგენლებმა კახეთიდან სამ ნომინაციაში მოიპოვეს გამარჯვება:
„სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი;
„საწარმოს ლამაზი ეზო“ - ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო;
„ლამაზი ეზო" ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო.

"სუფთა რეგიონი"-ს ტიტული კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი ქადაგიშვილს შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა გადასცა.

"ეს ჯილდო ეკუთვნის კახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ჩვენი რეგიონის თითოეულ მცხოვრებს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ უკვე მეორედ კახეთი საქართველოს ყველაზე სუფთა რეგიონის სტატუსის მფლობელია. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან, სასკოლო პროგრამების მეშვეობით უნდა ჩავუნერგოთ ჩვენს მომავალ თაობას, რომ სუფთა გარემო, მისი სწორი დამოკიდებულება ბუნებასთან განაპირობებს, როგორც ბუნების, ასევე საზოგადოების შინაგანი კულტურის განვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს მიზანი და ვიცით, როგორ უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზნის მისაღწევად" - აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიაზე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google