"ახალი თაობის" ორი კონკურსანტი ჰოლივუდში მიიწვიეს
მუსიკალურ პროექტ "ახალი თაობის" გამარჯვებულმა ნანიკო სამბელაშვილმა და მეოთხედფინალისტმა ნანა შეყრილაძემ, ამერიკული კონკურსის “ფილადელფიის ვარსკვლავების” შესარჩევი ტური წარმატებით გაიარეს.

შესარჩევი ტური 27 იანვარს გაიმართა და ორივე მათგანი ჰოლივუდში მიიწვიეს.

ნანიკო სამბელაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურიდანაა, ნანა შეყრილაძე კი - თელავიდან.

-"კონკურსი ჰოლივუდში გაიმართება, ჟიურიში სწორედ ჰოლივუდის ვარსკვლავები იქნებიან. კონკურსში საქართველოს მასშტაბით ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ნანიკომ გვასახელა კარგი შედეგით. მარტამდე მოხდება რეგისტრაცია. მშობელს უნდა დაველაპარაკოთ. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. მოვიძიებთ თანხებს, რომ ბავშვს დავეხმაროთ. ნანიკო 5 წლის ასაკში მოვიდა ჩვენთან, ხელოვნების სკოლა "მირელაში" , ცხრა წელია, რაც ჩემთან სწავლობს. ძალიან მოწესრიგებული ბავშვია, მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ყანდაურიდან დადის და ტრანსპორტზეა დამოკიდებული, გაკვეთილი არ გაუცდენია. მიზანდასახული და ნიჭიერი გოგონაა, კარგი ხმის ტემბრითა და ფართე დიაპაზონით,"-აღნიშნა "მირელას" დირექტორმა, მარინა ურდულაშვილმა speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, მუსიკალური კონკურსი "ახალი თაობა" ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების და კულტურის ცენტრის ხელშეწყობით იმართებოდა. ორგანიზატორი და პროექტის დამფუძნებელი კი, მომღერალი მალხაზ მელქუაშვილია.

| Print |
FaceBook Twitter Google