"ჭკვიანი კამერები გაუმართავია" - არასამთავრობოების განცხადება
ტრანსპორტის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე მუნიციპალიტეტში ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ გაუმართაობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი შს სამინისტროს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

-"ბოლო 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს. აღნიშნული ინფორმაცია, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ, რომელმაც მონიტორინგისთვის შეარჩია შემდეგი მუნიციპალიტეტები: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, გორი, თერჯოლა, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ახალციხე, ბათუმი. დაკვირვება განხორციელდა შემდეგი მეთოდოლოგიით: საქართველოს მუნიციპალიტეტებში ყველა კამერასთან იმოძრავა სხვადასხვა ავტომობილმა (სხვადასხვა სანომრე ნიშნით), რომელთაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდათ და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლი გათვალისწინებული სანქცია. არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია კამერების პროგრამული გაუმართაობის შესახებ დადასტურდა,"-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კამერების მიერ შესაძლოა არ ხდებოდეს სრულფასოვანი რეაგირება სხვა დარღვევებზეც: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება. 

მათივე ცნობით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია მთელს ევროპაში. ჩვენი ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქვეყნის მასშტაბით ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ განთავსების პროგრამას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, თუმცა კამერების გაუმართაობა (თვეების განმავლობაში) შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხოლოდ 2019 წელს 500-მდე მოქალაქე დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს, ხოლო 8 000 -მდე დაშავდა/დასახიჩრდა.

განცხადებას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ავრცელებენ :

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია - დავით მესხიშვილი

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის - ეკა ლალიაშვილი

ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის - ირაკლი იზორია

ჰაბ-ჯორჯია - ვასო ურუშაძე

ურბანული ლაბორატორია - გიორგი ბაბუნაშვილი

"ჩემი ქალაქი მკლავს" - გიორგი ჯაფარიძე

| Print |
FaceBook Twitter Google