რეკომენდაციები რესპირაციული დაავადებების თავიდან ასაცილებლად
ახალი კორონავირუსი (2019nCoV) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური გამოწვევაა, თუმცა საქართველოში დღემდე არ დაფიქსირებულა ახალი კორონავირუსის შემთხვევა და ქვეყანა რჩება დაბალი რისკის ზონაში. - ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.


მათი განმარტებით, ქვეყანაში ხორციელდება დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით. ასევე საზოგადოებას აწვდიან უახლეს ინფორმაციას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას იმ მარტივ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა დაცვით შესაძლებელია რესპირაციული დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება:

  • მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ ადამიანთან.
  • ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელებით
  • ხველისა და ცემინებისას აიფარეთ ცხვირსა და პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი ხსნარი


აქვე მითითებულია ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში დარეკოს.
ცხელი ხაზის ნომერია 116 001



| Print |
FaceBook Twitter Google