თელავში იტალიიდან ჩამოსულ ქალს სილამაზის სალონი იძულებით დაატოვებინეს
ქალს, რომელიც იტალიიდან 1 მარტს ჩამოფრინდა და თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდეს, თელავში, ერთ- ერთი სალონი იძულებით დაატოვებინეს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი თმის შესაჭრელად მივიდა. სალონის თანამშრომლებმა კი, ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს მიაწოდეს.

მსგავსი შინაარსის შეტყობინების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი.

,,ქალბატონი, რომელიც დღეს სალონში შევიდა, საქართველოში 1 მარტს დაბრუნდა. ეს ადამიანი თელავის მუნიციპალიტეტიდან არ არის წარმოშობით, უბრალოდ თელავში იმყოფებოდა სალონში. როდესაც სალონის თანამშრომლებმა შეიტყვეს მისი იტალიაში ყოფნის შესახებ, დაგვიკავშირდნენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები პოლიციასთან ერთად უკვე იმყოფებოდნენ მის ოჯახში და გაფრთხილება მისცეს. იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმს კიდევ დაარღვევს, იძულებული ვიქნებით, კარანტინში გადავიყვანოთ,"-განაცხადა ხიზანიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google