მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის პერიოდის შესაბამის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, თუმცა არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ შესაბამისად ვიყოთ მზად საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე.

მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ამ დროისთის საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |
FaceBook Twitter Google