კახეთის თვითმმართველობები დღეიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან
პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას რეკომენდაციის საფუძველზე, კახეთის მუნიციპალიტეტების მერიის სამსახურები დღეიდან მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.

„კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში შეიზღუდება გარკვეული სერვისების მიწოდება, ასევე აღარ გაიმართება კომისიების ან საბჭოს სხდომები, რასაც მოქალაქეები ესწრებიან; კერძოდ: მიწის ლეგალიზაციის განაცხადების მიღება და ამავე საკითხზე კომისიის სხდომების ჩატარება; იურიდიული კონსულტაციების გაწევა.
ამავდროულად, არ შეჩერდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, მომსახურების გაწევა და მუნიციპალური სერვისის - უფასო სასადილოების ფუნქციონირება. მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება.“- აღნიშნული განცხადება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ფეისბუქის გვერდზე გუშინ გაავრცელა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეის მერიის ინფორმაციით, 16 მარტიდან, ყველა განყოფილებაში დაწესდება თანამშრომელთა მორიგეობის გრაფიკი. განცხადებებისა და კონსულტაციის მიღება მოხდება ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით. გამონაკლის შემთხვევებში-კი მოქალაქეთა მისაღებში, სპეციალური კონტროლის გავლის საშუალებით შეეძლებათ მოქალაქეებს განცხადებების ჩაბარება!
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი თითქმის ანალოგიური რეჟიმით იმუშავებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეების მიღება ნაწილობრივ ჯერ კიდევ გუშინ შეზღუდა.


მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა მომსახურების ბიუროებს, რომლებიც შეზღუდულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

| Print |
FaceBook Twitter Google