რა შემთხვევაში დაითხოვს თავდაცვის სამინისტრო თანამშრომელს სამსახურიდან - მინისტრის ახალი ბრძანება
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.

ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში მოხდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა. ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს.

ბრძანების მიხედვით, საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ:
• თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
• მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს;
• პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი.
ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება:
• გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს;
• ორსულ ქალს;
• ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.

აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების სხვა თანამშრომლების გარკვეული ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

ასევე სამინისტროს ყველა მოსამსახურემ საზღვარგარეთ დაგეგმილი პირადი ვიზიტის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს უნდა აცნობოს. გაუქმდება ან გადაიდება თავდაცვის უწყების ყველა მივლინება. ბრძანების მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურეებმა თავი უნდა აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.




| Print |
FaceBook Twitter Google