პროდუქტი უნდა იყოს თაროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით -გიორგი გახარია
ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს, - საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამის შესახებ სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

„ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა მე დღეს შემიძლია დავუკავშირო ორ რამეს: პირველი - შაბათ-კვირაა, და მეორე - არის მოლოდინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, რისიც არანაირი საფუძველი დღეის მდგომარეობით ჩვენ არ გვაქვს, არ ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ. როგორც ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შემოსავლების სამსახურთან და ქსელებთან ურთიერთობებში. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოდერაციის ფუნქცია შევასრულოთ მაქსიმალურად ეფექტურად“

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

„გადავწყვიტოთ ეს პრობლემები ისე, რომ თქვენგან უნდა მივიღო სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული კონკრეტული წინადადებები და დაპირებები. ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს. მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით დღევანდელ გამოწვევებთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გუშინ საღამოს რიგ პროდუქტებზე უკვე მოიმატა ფასმა. ზოგიერთმა მაღაზიამ გააუქმა ის ფასდაკლების აქცია, რომელიც იმ დღისთვის იყო დაანონსებული. სოციალურ ქსელში ვრცელდება ცარიელი დახლების ფოტოებიც.
| Print |
FaceBook Twitter Google