კარანტინის დარღვევისთვის მოქალაქეები 3 ათასი ლარით დაჯარიმდებიან
საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება. აღნიშნული ცვლილება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.  ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი ზოგიერთი მოქალაქე არ იჩენს სიფრთხილეს და არღვევს წესებს, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი. დოკუმენტის მიხედვით, კარანტინის წესების, მათ შორის, თვითიზოლაციის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 15 000 ლარს.


თუკი მოხდება იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ, დამრღვევ პირს უკვე დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, რაც შედეგად გამოიწვევს პირის ნასამართლეობას.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით,  17 მარტის მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია 68 ახალი შესაძლო შემთხვევა; სულ დადასტურებულია 34 შემთხვევა და გამოჯანმრთელების 1 შემთხვევა. საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტი 14 დღე მაინც თვითიზოლაციაში რჩება.
| Print |
FaceBook Twitter Google