საქართველოს ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას.

ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება.

"ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით," – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. კარანტინში იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 271 პაციენტი.
| Print |
FaceBook Twitter Google