საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოაცხადა.

„ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი კონსტიტუციის 71 მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მეორე მუხლის თანახმად, გამოსცემს დეკრეტს, რომლის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული რიგი უფლებები, მათ შორის, გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.

„ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუზღუდავად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება.“

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი და არც კომენტანტის საათის გამოცხადება.
მან მოუწოდა მოსახლეობას შეინარჩუნონ სოციალური დისტანცირება, დაიცვან შესაბამისი წესები, რადგა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე არ გახდეს საჭირო ამ რეჟიმის გამკაცრება.
| Print |
FaceBook Twitter Google