პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა.
4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
| Print |
FaceBook Twitter Google