10 პაციენტიდან კახეთში კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 10 მოქალაქის ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს კლინიკაში პაციენტები მკურნალობას ისევ აგრძელებენ. ზოგიერთ მათგანს პნევმონია აღენიშნება. ამის გამო ყველა საეჭვო მოქალაქის ნიმუში გუშინ დილით ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნეს.

რეგიონში სულ 4 ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს: საგარეჯოში, ლაგოდეხში და ორი თელავში. საავადმყოფოებმა საეჭვო სიმპტომების მქონდე მოქალაქეების მიღება უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად დაიწყეს.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის სამ მუნიციპალიტეტში 11 საკარანტინო ზონაა, სადაც 562 მოქალაქე იმყოფება. კახეთში ახალი კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.


6 აპრილს, კახეთის შემოსასვლელში, ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები განთავსდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგიც უტარდებათ.
კახეთის გუბერნატორის თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს სწორედ საგარეჯოს ცხელების ცენტრში გადაიყვანენ. 


| Print |
FaceBook Twitter Google