აღდგომის მეორე დღეს საფლავზე გასვლა საეკლესიო წესი არ არის - მამა ვაჟა
აღდგომის მეორე დღეს სასულიერო პირები საფლავების კურთხევას არ გეგმავენ. როგორც გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა ვაჟა (სონღულაშვილი) ამბობს, ისინი ემორჩილებიან სახელმწიფო უწყებებსა და საპატრიარქოს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

ის მოქალაქეებს ურჩევს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული წესები დაიცვან და არ გავიდნენ საფლავზე მით უფრო, რომ აღდგომის მოერე დღეს საფლავზე გასვლა საეკლესიო წესი არ არის.

"სასაფლაოზე გასვლა ეს არ არის საეკლესიო წესი, ეს არის უფრო ერის ტრადიცია. ჩვენ მოვისმინეთ, რომ სასაფლაოები იკეთება და დიდი არაფერი მოხდება, რომ აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე არ გავიდეთ. ეს განსაცდელი ღვთის მადლით ჩაივლის და მერეც შეიძლება საფლავიც ვაკურთოთ. ამჯერად საფლავების კურთხევაზე ჩვენ არ წავალთ," - აღნიშნა მამა ვაჟამ.

დღეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში სასაფლაოები 10 დღით დაიკეტება. შეზღუდვა ხვალიდან ამოქმედდება.




| Print |
FaceBook Twitter Google