საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა
„ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს.

„ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვეძლევა, მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის. რეალურად, ამ ახალი ეტაპის დაძლევით ჩვენ შევქმნით წარმატებული და ეტაპობრივი გახსნის წინაპირობას. მინდა ყველას მადლობა გითხრათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის და იმ თვითშეგნებისთვის, რაც ამ მძიმე პერიოდში გამოიჩინეთ.

ჩვენი ერთობლივი ვალდებულებაა, ბოლომდე გავუძლოთ ამ განსაცდელს და კანონი სრულყოფილად დავიცვათ. კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებით, რომ ამით ვიცავთ ხვალინდელ დღეს.

ამ კრიზისის დასაწყისში გადამწყვეტი იყო ის, რომ არ დაგვიანებულიყო საჭირო ზომების მიღება. დღეს კი მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები.“-  განაცხადა პრეზიდენტმა.
| Print |
FaceBook Twitter Google