კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა
დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი კიდევ 9 პაციენტმა დაამარცხა, ჯამში ეს რიცხვი 297-ია.
სამით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. საქართველოში კორონავირუსის 626 დადასტურებული შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 459.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.რაც შეეხება გარდაცვლილებს, გუშინ კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ის 45 წლის ქალია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

„პაციენტი, სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. დაბურული მინის ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა“, - ნათქვამია ჰოსპიტლის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, სიკვდილი დაფიქსირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google