საქართველომ კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის საშუალება იქნება - პრემიერი
როგორც დღეს წინანდალში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველომ კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის საშუალება იქნება.


„მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდ-19-ის რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად, ჩვენ შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ, დრო დაგვჭირდება, მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, იქნება სულ სხვა გლობალური კონკურენცია. ეს კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამისთვის მომზადებულები უნდა ვიყოთ ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ისტორია, მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია, ძეგლები, სამზარეულო, კულტურა და სტუმარმასპინძლობა უნდა დაემატოს, რომ საქართველო ეფექტურად მართავს ვირუსის რისკებს, ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს ქვეყანას - აამოქმედოს ეკონომიკა.

„ ყველა უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს როგორც შარშან მივიღეთ ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, სტუმარმასპინძლობა უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა, ამავდროულად კი ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ. ესაა ჩვენი მიზანი და ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატების, რომელიც დღეს გვაქვს, ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით, ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაშიც. ალბათ ლოგიკურია, რომ პირველ რიგში ჩვენ ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად თბილისიდან. იქ ცოტა სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა რთულია, კახეთში და ზოგადად რეგიონში ეს უფრო მარტივია. ეს არის რისთვისაც ჩამოვედით. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული. ერთბაშად და სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საერთოდ საქართველო, როგორც კოვიდ-19-თან ეფექტურად მებრძოლი და რისკების ეფექტურად მმართველი ქვეყანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე, ტურიზმი ვერ იქნება და სტუმარი არ ჩამოვა. უნდა ვიყოთ კოვიდ-19-სგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ," - განაცხადა პრემიერმა.

| Print |
FaceBook Twitter Google