კორონავირუსზე გამოსაკვლევად კახეთში ნიმუშების აღება გრძელდება
კორონავირუსზე გამოსაკვლევად კახეთის რეგიონში ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს მაღალი რისკის ჯგუფების გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირება.

„კერძოდ მიმდინარეობს ისეთი ჯგუფების გამოკვლევა, როგორიცაა: სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 24 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 12 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.“- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3720 ნიმუში, აქედან 1200 მედპერსონალია, 1384 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 193.

ამ დროისთვის კახეთში კვლავ სტაბილური ეპიდსიტუაციაა. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 11 მოქალაქე. კონტროლიდან მოიხსნა 2. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 7 ლოკაციაზე იმყოფება 245 მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google