სეროპრევალენტობის კვლევისთვის თელავში 100 ნიმუშია აღებული
დღეისათვის თელავში სეროპრევალენტობის კვლევისთვის 100 ნიმუშია აღებული. ნიმუშების ტესტირება ხდება ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. აღნიშნული კვლევა 22 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თელავსა და ბოლნისში დაიწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ყველაზე მეტად დაზარალებულია კორონავირუსის გავრცელებით, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტი, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საკონტროლოდ შეირჩა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, ბოლნისში რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს.

თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეულია 15 კლასტერი, მათ შორის 10 სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური, და ქალაქ თელავის 5 კლასტერი. სულ აღებული იქნება 150 ნიმუში. 


რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, კახეთში ამ დროისთვის კვლავ სტაბილური ვითარებაა. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google