სკოლებში სწავლა შესაძლოა სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შესაძლოა, სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.
როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა განაცხადა, რომ  განათლების სამინისტროსთან ინტენსიურად მუშაობენ, რათა აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარება უსაფრთხო გარემოში მოხდეს.



| Print |
FaceBook Twitter Google