დღეს, 5 ივნისს გურჯაანის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი
დასრულდა. როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების
გაერთიანებაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, ბოლო
თვეების განმავლობაში ბავშვები ბაღში არ დადიოდნენ, პროცესი
დისტანციურად მაინც წარიმართა.
„ ეს წელი უჩვეულო იყო დედამიწის ყველა მცხოვრებლისთვის და
გამონაკლისი ვერც ჩვენ აღმოვჩნდით. კორონავირუსის პამდემიამ შეაჩერა
ყველაფერი, თუმცა საერთო ძალისხმევით სააღმზრდელო პროცესი
დისტანციურად მაინც წარიმართა და მეტ-ნაკლებად დაძლეული იქნა ის
პროგრამა, რომელიც ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში დგება.“
გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი განსაკუთრებით
ზრუნავდნენ სასკოლო მზაობის აღსაზრდელებზე, რომ დისტანციურად,
შეძლებისდაგვარად აეთვისებინათ ის უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია
სკოლაში მისვლის წინ.
„რა თქმა უნდა, ეს პროცესი უხარვეზო ვერ იქნებოდა, მაგრამ ვთვლით, რომ
სააღმზრდელო წელი შედგა! წელს 617 აღსაზრდელი დატოვებს ჩვენს საბავშვო
ბაგა-ბაღებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე - სკოლაში გადაინაცვლებს. ეს
პროცესიც უხმაუროდ, საგაზაფხულო აქტივობების გარეშე მოხდება.“ -
განმარტავენ გაერთიანებაში.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის საბავშვო ბაღებში, ისევე როგორც კახეთის
სხვა მუნიციპალიტეტებში, სააღმზრდელო პროცესი
2 მარტიდან შეწყდა. საგანგებო მდგომარეობის
გაგრძელების გამო კი, სკოლების მსგავსად
ბაღებიც დისტანციურ მეცადინეობაზე გადავიდა.
სხვადასხვა აქტივობებში ბავშვები პედაგოგებისა და მშობლების
დახმარებით ერთვებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები