თელავში ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე ტიტე დარეჯანიშვილმა, მერის მოადგილეებმა დავით ბეგიაშვილმა და ფიქრია ყუშიტაშვილმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა ტამიშთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა მემორიალი და ტამიშთან ომის დროს დაღუპულ ძმათა სასაფლაო თელავში ყვავილებით შეამკეს.

„ყოველწლიურად ამ დღეს პატივს მივაგებთ ტამიშის გმირებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოსათვის თავი გასწირეს. ამ ადამიანებმა შეგვინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა და რუსეთის ოკუპაციას ბოლომდე შეებრძოლნენ. რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და იქამდე არ დასრულდება, სანამ ჩვენი ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას არ მოვახდენთ“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე ტიტე დარეჯანიშვილმა.

1993 წლის 2 ივლისს, დილის 5.00 საათზე, აფხაზეთის ომის დროს დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს.

ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცემბა შეძლეს საზღვაო დესანტის მოგერიება და შეინარჩუნეს პოზიციები.
| Print |
FaceBook Twitter Google