თელავის საკრებულოს წევრი მეუღლისა და შვილების ცემის გამო დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი  მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს. გამოძიება გრემელაშვილს ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ოჯახში ძალადობას ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.


-"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს,"-ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

ცნობისთვის,ინფორმაცია  იმის შესახებ,რომ გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობდა, გუშინ სუროგაციის ცენტრ "ნიუ  ლაიფის" დამფუძნებელმა  მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. კუკუნაშვილი გრემელაშვილის ბიძაშვილია.
| Print |
FaceBook Twitter Google