როგორ მოხდება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება შესაძლოა, ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდეს. საქართველოს პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად,  დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით წესრიგდება დასვენების დღეების საკითხიც. კერძოდ, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული უზრუნველყოს ყოველ 7 დღეში სულ მცირე 1 დასვენების დღით.

ცვლილებები ეხება ღამის სამუშაოსაც. მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში, ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.



| Print |
FaceBook Twitter Google