კონდოლში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს
15 ივლისს, კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდა ფინანსური რესურსის გამოყოფა საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი სოფელ კონდოლში იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

"სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად, დაახლოებით 150 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. აღნიშნულ სოფელში არსებობდა ძველი გადახურვები ე.წ. "შიფერით" და ამიტომ მიმდინარეობს თითქმის 90 % დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისათვის, სახურავების სრული ამოცვლა. ძველი სახურავების რესურსი მთლიანად იყო ამოწურული, ეკოლოგიური თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული ე.წ. "შიფერის" გამოყენება. აქ გამოყენებული სამშენებლო მასალა, თუნუქი არის ძალიან ხარისხიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს მასშტაბური სამუშაოები როდესაც სოფელ კონდოლში დასრულდება, აქ მცხოვრები მოსახლეობა მრავალი ათეული წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება მყარად დაფარებული ჭერით. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება, ყველა იმ სოფელში, რომელიც სტიქიის შედეგად იქნა დაზიანებული, როგორც თელავის მუნიციპალიტეტში, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში" - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google