80 000 მოქალაქე, ვინც დოკუმენტაცია ვერ წარადგინა, 300 ლარიან დახმარებას მაინც მიიღებს
ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას სამასლარიანი დახმარებისთვის მიმართა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, დახმარებას მაინც მიიღებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„სანამ დავიწყებდეთ მოქალაქეების კრიზისში დახმარების სოციალური პროგრამის მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი კომპონენტი დღესვე დავხუროთ და ეს პროგრამა დავასრულოთ. ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და მთავრობას საქართველოს 250 000-მა მოქალაქემ მომართა. ეს დახმარება 170 000-მა მოქალაქემ მიიღო, ვისაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული, თუმცა სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გადავწყვიტეთ იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, თხოვნა დაუკმაყოფილდეს და დაერიცხოს ერთჯერადი 300 ლარი. ამით ეს პროგრამა დასრულდება“, – განაცხადა პრემიერმა.
| Print |
FaceBook Twitter Google