სტიქიით დაზარალებულ გლეხებს მთავრობა ნერგებით დაეხმარება
საქართველოს მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს ნერგებით დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ სტიქია იყო რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეფექტურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ძირითადად, ფარავდა მიღებული მოსავლის რისკებს, მისი დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს ბევრ ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლიანი ბაღები და რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, უფრო მაღალი ხარისხის და ღირებულების ვაზის ჯიშები, იმ ჯიშებით, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში. მაგალითად, რქაწითელი, იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება. ეს პროგრამა დაიწყება წელს, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგ დაზარალებული გლეხებით და შემდგომ გაგრძელდება ,“- განაცხადა პრემიერმა.
| Print |
FaceBook Twitter Google