სასკოლო ექსკურსიაზე წესები მკაცრდება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „საგზაო მოძრაობის წესების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს. პროექტის მიხედვით, ექსკურსიების დროს, მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანაზე წესები მკაცრდება.


ცვლილებების მიხედვით, მძღოლი ვალდებულია მოსწავლეთა გადაყვანისას თან იქონიოს მანქანის ტექნიკური დათვალიერების საბუთი. აღჭურვილი იყოს შიდა და გარე ხედვების კამერებით, სავარძლებზე უსაფრთხო ღვედებით.

კონკრეტულად:

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებულია, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

2. ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით;

3. მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას;

4. იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სათადარიგო მძღოლი ვალდებულია სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას იქონიოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

| Print |
FaceBook Twitter Google