უბანზე ამომრჩეველი პირბადის გარეშე არ დაიშვება
ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველი პირბადით უზრუნველყოს.
„მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. ვმუშაობთ საკითხზე, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით. ასევე ვვარაუდობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი. რაც შეეხება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს, ბუნებრივია, ბარიერი რომ იყოს, ისინი აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. ასევე, სისტემატურად მოხდება საუბნო-საარჩევნო კომისიების დამუშავება სპეციალური ხსნარებით და იმედი გვაქვს ეს პროცესი წარიმართება ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში. თერმოსკრინინგთან დაკავშირებით, რაც არის გაწერილი პირველ დადგენილებაში, წინასაარჩევნო პერიოდს რაც შეეხება, საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში თერმოსკრინინგზე. მას შემდეგ, რაც საუბნო-საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, ნებისმიერი პირი ვინც შევა უბანზე, იქნებიან კომისიის წევრები თუ პარტიების წარმომადგენლები, ისინი ვალდებული იქნებიან გაიარონ თერმოსკრინინგი. ეს წესი მოქმედებს საოლქო-საარჩევნო კომისიებზეც. ამ ეტაპზე არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა არ განიხილება“, – განმარტა მან

| Print |
FaceBook Twitter Google