ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა - რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2020 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა.

დოკუმენტი განსაზღვრავს იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, ასევე ჩართულმა მხარეებმა.

პროტოკოლის მიხედვით რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

„კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.
ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.“ - აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ამომრჩეველს:

  • ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.
  • ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
  • ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.




| Print |
FaceBook Twitter Google