ველისციხეში სამედიცინო კარავი მოეწყო
სოფელ ველისციხის ცენტრში ეპიდსიტუაციის გასაკონტროლებლად სამედიცინო კარავი მოეწყო. კარავში ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დროებით სამუშაოდ ჩამოსული მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

პროცესი დილის ხუთი საათიდან იწყება და საღამოს 12 საათამდე გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ჯერჯერობით საეჭვო სიტუაცია არ დაფიქსირებულა.
„უკვე რამდენიმე დღეა დავდგით კარავი, რომელიც თერმოსკრინინგს ანუ პრევენციას ითვალისწინებს. დღესდღეობით, სოფელ ველისციხეში რთვლის პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ადამიანია ჩამოსული დროებით სამუშაოდ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩაუტარდეს სკრინინგი. ძირითადი სკრინინგი დილის ხუთი საათიდან იწყება, როდესაც ეს ადამიანები სამუშაოდ მიდიან. ყველას ვაწვდით ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ და ვეუბნებით, რომ დაიცვან რეკომენდაციები. სამხარეო ადმინისტრაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უშუალო ჩართულობით, გუშინ ჩამოვიტანეთ ტესტები, რომლითაც საეჭვო სიტუაციებს გავაკონტროლებთ. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა. “

მისივე თქმით, პროცესი სანამდეც იქნება საჭირო იმ დრომდე გაგრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google