დაიწყო მეორე ტალღა, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი კუთხით - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უფრო იძაბება. დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით სუსტია დაავადების სიმძიმით. 

„გარკვეული ცვლილებები შევიდა ტესტირების რეჟიმში. ყველა სამედიცინო მუშაკი 2 კვირაში ერთხელ გაიტესტება, კოვიდ-კლინიკების რეანიმაციების პერსონალი - კვირაში ერთხელ, ხოლო სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების პერსონალი - ყოველ 72 საათში ერთხელ, ვინაიდან ისინი ე.წ. ფრონტის წინა ხაზზე არიან. ზოგადად მთელი ამ ხნის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 1,82-ს შეადგენს, ბოლო 1 კვირაში გვაქვს 6%. ეს მაღალი ნიშნულია, ხოლო რეგიონების ჭრილში ყველაზე მაღალია აჭარაში - დაახლოებით 22%. შემდეგ მოდის იმერეთი - 7%, თბილისში კი 4%. მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს სტატისტიკა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში თანდათან უფრო იძაბება და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო სუსტი დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით. საკმაოდ დიდი წილი გვაქვს უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების, რომლებიც სტაციონარში მკურნალობას არ საჭიროებენ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google