გურჯაანის საბავშვო ბაღებს ახალი მეთოდური რესურსი გადაეცა
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 37- ვე საბავშვო ბაგა- ბაღისთვის მეთოდური რესურსი შეიძინა.

გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, მეთოდური ლიტერატურა პედაგოგს სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვაში დაეხმარება.
„ყოველწლიურად ვყიდულობთ ნივთებს და წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც აკრძალულია, რომ ბავშვმა სახლიდან მოიტანოს სათამაშო, სახატავი თუ გასაფერადებელი. აქედან გამომდინარე, გამოვყავით თანხა და ყველა ბაღისთვის შევიძინეთ გარკვეული რაოდენობის მეთოდური მასალა: ძერწები, ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, წებოები, მაკრატლები, სახატავი რვეულები, გასაფერადებლები. გარდა ამისა, შევიძინეთ მეთოდური ლიტერატურა, რომელიც დაეხმარება პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვისათის. ესენია: „საბავშვო ენციკლოპედია“, „მოსწავლის პირველი ენციკლოპედია“, „365 ძილისპირული ამბავი“, „ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი“, „ნოდარ დუმბაძის ლექსები“, „ჩემი პირველი ატლასი“. გარდა ამისა, იმ საბავშვო ბაღებისთვის, სადაც ჯერ არ გაგვიახლებია ინვენტარი, შევიძინეთ ლეიბები, საბნები და პლედები. ასევე, 31 სააღმზრდელო ჯგუფისთვის - სათამაშოების ნაკრები.“

მისივე თქმით, საკანცელარიო ნივთებსა და წიგნებში 7 ათასი ლარი, დაიხარჯა, სათამაშორებში - 4 500 ლარი, ხოლო საბნებსა და სხვა ინვენტარში - 3500 ლარი.




| Print |
FaceBook Twitter Google