დღეში 2000 ინფიცირებული არ არის ცალსახა არგუმენტი იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში არ გავუშვათ - თენგიზ ცერცვაძე
ის ფაქტი, რომ საქართველოში დღეში 2000-მდე ინფიცირებულია არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ, თუ ყველა რეგულაციის შესრულებაა უზრუნველყოფილი - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„საერთოდ არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასეთი მითითება, რომ როცა პანდემიის რისკები იზრდება, პირველი შეზღუდვები უნდა შეეხოთ კაფეებს, რესტორნებს, სავაჭრო დაწესებულებებს და ბოლოს სკოლებს. ხოლო, როდესაც იწყება აქტივობის აღდგენა, პირველი უნდა გაიხსნას საგანმანათლებლო დაწესებულებები. დღეში 2000 ინფიცირებული რომ გვყავს, ეს არ არის ცალსახა არგუმენტი იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში არ გავუშვათ თუ იმ სკოლაში უზრუნველყოფილია ყველა იმ რეგულაციის შესრულება, რაც გაწერილია, იგულისხმება დეზინფექცია, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცია, მაშინ დავუჯეროთ განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს, როგორც ისინი გვეტყვიან, ისე მოვიქცეთ“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ COVID-19- ის პანდემიის გამო, ქვეყანაში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს. I-VI კლასების მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში უტარდებათ, თუმცა ინფექციის ფაქტების გამოვლენის გამო სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვები გრძელდება და მათი ნაწილი ამ დრომდე სრულად დისტანციურ რეჟიმზეა.

| Print |
FaceBook Twitter Google