თელავის იუსტიციის სახლში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ბროშურები დარიგდება
დღეიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით საქართველოს 14 ქალაქში მდებარე იუსტიციის სახლში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ბროშურები დარიგდება.
ბროშურები კახეთის რეგიონში, თელავის იუსტიციის სახლში დარიგდება. 

ბროშურები განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლებს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა თუ პასპორტის აღების მიზნით მიმართავენ.

"ბავშვების პერსონალურ მონაცემები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს, რადგან მათმა არასწორმა გამოყენებამ, გავრცელებამ, სხვისთვის გაზიარებამ, სოციალურ ქსელში განთავსებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. ასევე, პირადობის მოწმობასა და პასპორტზე დატანილი მონაცემები მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციაა, რომელიც დაცული უნდა იყოს სხვა პირთა არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული ბროშურები მოქალაქეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მათი მონაცემების არასათანადო დაცვის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეებისა და ამ რისკებისაგან თავის დაცვის გზებზე,"- აცხადებე ინსპექტორის სამსახურში.

ინიციატივა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google