არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე - საია
„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე. დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც უკავშირდებოდა ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს (მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას); ფარულობის პრინციპის დარღვევას; მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას, მათ შორის, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იგივე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტებს, ასევე, არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებასა და ხმის მიცემას; გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს; არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე.


ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები და დამკვირვებლებმა აღრიცხეს თანხის გადაცემის შემთხვევები.

„ტენდენციად გამოიკვეთა საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას, რაც აფერხებდა კენჭისყრის პროცესს და იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდას.

დარღვევების ციკლი გაგრძელდა უბნების დახურვის შემდგომაც. ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდება. ხშირ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან დაულუქავი სახით მიდიოდა ჩანაწერთა წიგნები და სხვა დოკუმენტაცია.“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საიას ცნობით, ორგანიზაციამ უარყოფითად შეაფასა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებაც, რამაც ამომრჩეველში მანიპულაციის განცდა გააჩინა.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 800-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა. საბოლოოდ, მისიამ საერთო ჯამში 2 250 უბნამდე დაფარა.
| Print |
FaceBook Twitter Google