დღეს გიორგობაა
23 ნოემბერს ქრისტიანული სამყარო წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაპადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხრონია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის — ბორბალზე გაკვრა.


ბორბალზე მისი წამების დროს, მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლით მოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.

წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წმინდა გიორგი საქართველოს მეოხი და მფარველი წმინდანია, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ. მის სახელზე საქართველოში უამრავი ტაძარია აგებული.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს, ექვს მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინება.
| Print |
FaceBook Twitter Google