მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღეიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით.
ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.

გარდა ამისა, დღეიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე.


| Print |
FaceBook Twitter Google