იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25 ლარიან ვაუჩერს გადასცემს
ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს 15 დეკემბრიდან ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ.

„პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, რომელიც დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება.ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც პირველ დეკემბერს ხელი მოეწერა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომელიც პირველად იღებს ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას.
„მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტულ ბრენდებს 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“, – ნათქვამია განცხადებაში

| Print |
FaceBook Twitter Google